ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი
01.მაისი.2008

პროკრედიტ ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაიწყო

მაისის თვეში "ლიტ ჯეო ინვესტმა" პროკრედიტ ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაიწყო. 12 000 კვადრატული მეტრი ფართის შენობა, რომლის მშენებლობაც სავარაუდოდ 2011 წლისათვის დასრულდება, ბანკის სათავო ოფისის თანამშრომელთათვის იქნება განკუთვნილი. ამჟამად პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი დ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. ახალი შენობა, რომელიც საბურთალოზე, ალ. ყაზბეგის გამზირზე აშენდება, ადვილი მისადგომი იქნება ბანკის კლიენტების, პარტნიორების და თანამშრომლებისათვის; იგი ასევე გათვალისწინებულია იმ თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც პროკრედიტის გუნდს მომავალში შეუერთდებიან. ახალი შენობა სამ ფუნქციას შეითავსებს: სათავო ოფისის, სასწავლო ცენტრისა და ახალი ცენტრალური ფილიალის. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, მისი საკონფერენციო დარბაზებით, სათათბირო და სასწავლო ოთახებით სამუშაო პროცესის მაქსიმალური ეფექტურობით წარმართვას უზრუნველყოფს. სივრცული შვიდსართულიანი ნაგებობა მინის სახურავით იქნება გადახურული, შუაში მდებარე ატრიუმი კი მშვიდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს შექმნის. ეს თანამედროვე დიზაინის შენობა უბნის ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება მცირე პარკი, რომელიც სამუშაო გარემოს უფრო სასიამოვნოს გახდის.